ტესტ ქეისები
- რა არის ტესტ ქეისი?
- ტესტ ქეისის მახასიათებლები
- ტესტ ქეისის ტიპები
- ტესტ ქეისის კომპონენტები
- ტესტ ქეისის მნიშვნელოვნება
- ტესტ ქეისის მაგალითი
- გასათვალისწინებელი დეტალები
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სასიცოცხლო ციკლის პროცესში, ტესტერების გუნდი ბევრ დოკუმენტს ამზადებს, რაც მათ ეხმარება ტესტირების პროცესის ხარისხიანად და ეფექტურად წარმართვაში. ტესტ ქეისი, რომელიც მზადდება ტესტირების დაწყებამდე, არის ნებისმიერი ტესტირების განუყოფელი ნაწილი. იგი განსაზღვრავს პირობებს, რომელიც ტესტერებს აძლევს საშუალებას მოახდინონ პროგრამული უზრუნველყოფის კონკრეტული ფუნქციონალის ან კომპონენტის ვალიდაცია.
მოდი, ჩავუღრმავდეთ ტესტ ქეისს, რათა უკეთ გავიგოთ მისი კრიტიკული აუცილებლობა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სასიცოცხლო ციკლში (STLC - software testing life cycle).
რა არის ტესტ ქეისი?
ტესტ ქეისი არის დოკუმენტი, რომელიც მზადდება ტესტერების მიერ ტესტირების პროცესის დაწყებამდე. ის შედგება სხვადასხვა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დეტალებისგან, დაწყებული სატესტო მონაცემებიდან და წინაპირობებიდან, დასრულებული მოსალოდნელი შედეგებითა და სხვა დეტალებით. ესაა დოკუმენტი, რომელიც ტესტერს ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის ტესტირების პროცესის წარმართვისათვის.
ტესტ ქეისი არის სია სადაც:
- აღწერილია ტესტ ქეისის მიზანი;
- განსაზღვრულია წინაპირობები და გარემოები, რომლებიც უნდა შესრულდეს და მომზადდეს ტესტირების პროცესის დაწყებამდე;
- აღწერილი თითოეული ნაბიჯი, მომხმარებლის ქცევა, რომელიც ტესტირების პროცესში უნდა გაიმეორეს ტესტერმა;
- მოსალოდნელი შედეგები, რაც უნდა დადგეს თითოეული ნაბიჯის შესრულების შემდეგ;
- სატესტო მონაცემები, რომელიც აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების შესასრულებლად;
- განსაზღვრულია მისი პრიორიტეტი, რაც მნიშვნელოვანი დეტალია ტესტირების პროცესის დაგეგმვის პროცესში.
გარდა ტესტირების პროცესის სწორად წარმართვისა, ტესტ ქეისის დახმარებით, ტესტერებს შეუძლიათ იპოვონ პრობლემები დოკუმენტაციასა თუ დიზაინში და საჭიროების შემთხვევაში დააინიცირონ ცვლილება ხარისხის, ფუინქციონალურობისა და ეფექტურობის ვალიდაციისთვის.
ტესტ ქეისის მახასიათებლები
ტესტ ქეისი წერის დავალება უკიდურესად მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც რიგ შემთხვევებში არასაჭირო ან უმნიშვნელო აქტივობადაა მიჩნეული ხან ტესტერების, ხანაც დეველოპმენტის გუნდის სხვა წევრების მიერ. თუმცაღა, ამ დოკუმენტის შექმნით, უშუალოდ ტესტირების პროცესის დაწყებამდე, გუნდი ზრდის ტესტირების ეფექტურობისა და სიზუზტის მაჩვენებელს.
ქვემოთ მოცემულია ტესტ ქეისის მნიშვნელოვანი მახასიათებლები:
- ტესტ ქეისების წერით შესაძლებელი ხდება ტესტირების პროცესის სტანდარტიზაციის დონის გაზრდა;
- ის განსაზღვრავს გზას კონკრეტული მოთხოვნის შესამოწმებლად სატესტო მონაცემებით, წინაწსარი მოთხოვნებითა და მოსალოდნელი შედეგებით;
- გვაწვდის ინფორმაცია ლაკონურად, თუმცა სრულად და ყოვლის მომცველად;
- აღწერს გარემოს კონკრეტული ფუნქციონალის, წარმადობისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესამოწმებლად;
- დამხმარეა სწორი ქცევის, ფუნქციონირებისა და ფუნქციონალის ტესტირებაში;
- მოიცავ ინფორმაციას, რომელიც ეხმარება სხვა ტესტერებს მის გამოყენებაში;
- შედგენილია პროდუქტის დოკუმენტაციის მიხედვით.
ტესტ ქეისის ტიპები
ტესტ ქეისები სულ ორი ტიპისაა - ფორმალური და არაფორმალური. ორივე მათგანი განსხვავებული მიზანს ემსახურება.
ფორმალური ტესტ ქეისები
- იქმნება იმ პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციებისთვის, რომლებსაც აქვს ფორმალური დოკუმენტაცია;
- მომზადებულია, როგორც სტანდარტული ტესტ ქეისი;
- მოიცავს ყველა აუცილებელ ინფორმაციას;
- აქვს განსაზღვრული ნაბიჯები და მონაცემები მოსალოდნელი შედეგებით;
- შესაძლებლობას იძლევა ეფექტურად და თანმიმდევრულად წარიმართოს რეგრესიული ტესტირება.
არაფორმალური ტესტ ქეისები
- იქმნება იმ პროგრამული უზრუნველყოფისა თუ აპლიკაციისთვის, რომელსაც არ აქვს ფორმალური დოუმენტაცია;
- ტესტ ქეისში მოცემული ინფორმაცია არაა დეტალიზებული;
- კონკრეტული შემავალი და მოსალოდნელი ინფორმაცია უცნობია;
- ის არაა ფორმალური ტესტ ქეისის მსგავსად ტესტირების პროცესში გამოსაყენებლად შექმნილი;
- შედეგები მარტივი ფორმისაა.
ტესტ ქეისის კომპონენტები
იმისათვის, რომ დავფაროთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტესტირების პროცესში, ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის წევრებმა უნდა გამოიყენონ გარკვეული წინასწარ განსაზღვრული ნიმუში. ეს მათ საშუალებას აძლევს, არ გამორჩეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დეტალები ტესტირების პროცესის ეფექტური და ხარისხიანი წარმართვისათვის. შესაბამისად ტესტ ქეისის სტანდარტული ნიმუში შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
- ტესტირების სცენარის ID - თითოეული ტესტ ქეისი ეკუთვნის კონკრეტულ ტესტირების სცენარს. ეს ID მიმართავს მას. თუმცა რიგ შემთხვევებში ერთი ტესტ ქეისი შეიძლება ერთზე მეტ სცენარს ეკუთვნოდეს.
- ტესტ ქეისის ID - აღნიშნავს მიმდინარე ტესტ ქეისის იდენტიფიკატორს. ტესტირების მენეჯმენტის აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში იდენტიფიკატორი ავტომატურად ენიჭება.
- ტესტ ქეისის სათაური - ლაკონურად წარმოდგენილი სათაური იმ ქცევისა, რომლის შემოწმებასაც ისახავს მიზნად მოცემული ტესტ ქეისი.
- ტესტ ქეისის აღწერა - მოკლე აღწერა ტესტ ქეისისა და მისი მიზნის შესახებ.
- ტესტ ქეისის წინაპირობა - უნდა ფარავდეს, ყველა აუცილებელ მოთხოვნასა და წინაპირობას, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს ტესტ ქეისის შესრულებამდე, მისი მიზნის მისაღწევად.
- სატესტო მონაცემები - მოიცავს ყველა საჭირო მონაცემს, რომლის გამოყენებაც საჭირო იქნება ტესტ ქეისის შესრულების პროცესში.
- ტესტირების გარემო - პლატფორმა, რომელზეც უნდა მოხდეს ტესტ ქეისის შესრულება. ეს შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას ოპერაციულ სისტემის, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიისა თუ ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ.
- ბიჯები - ნაბიჯები, რომლებიც უნდა უნდა შესრულდეს ტესტირების პროცესში, აღწერილი თნმიმდევრულად.
- მოსალოდნელი შედეგები - სასურველი შედეგი, რაც უნდა დადგეს თითოეული ნაბიჯის შესრულების შემდეგ.
- პრიორიტეტი - განსაზღვრავს ტესტ ქეისის შესრულების კრიტიკულობას ტესტირების პროცესში.
- სხვა პარამეტრები - ეს შეიძლება იყოს ავტორი, ქეისის შექმნის თარიღი, ტესტ ქეისის შესრულებისთვის საჭირო დრო და ა.შ.
ტესტ ქეისის მნიშვნელოვნება
ქვემოთ მოცემული პუნქტები ნათლად აჩვენებს ტესტ ქეისის დაწერის მნიშვნელოვნებას ტესტირების პროცესის დაწყებამდე. თუმცა, მისი მნიშვნელოვნება ამ პუნქტებით არ შემოიფარგლება.
- ტესტირების დაფარვის მაჩვენებლის მონიტორინგი - ტესტ ქეისების დახმარებით, გუნდს ეფექტურად შეუძლია თვალყური ადევნოს ტესტირების პროცესს და უზრუნველყოს 100%-იანი დაფარვა. ასევე, შესაძლებელს ხდის გადახრების იდენტიფიცირებას.
- თანმიმდევრულობის შენარჩუნება - ტესტ ქეისის ადრეულ ეტაპზე მომზადებით გუნდ შესაძლებლობა ეძლევა, რომ ტესტირების პორცესში უზრუნველყონ თანმიმდევრულობა.
- ავტომატიზაციის გაადვილება - ტესტ ქეისები გამოყენებადია ტესტირების ავტომატიზაციისთვის.
- ცოდნის გაზიარება - ტესტ ქეისების არსებობა ამარტივებს ცოდნის გაზიარებას და შესაძლებლობას აძლევს გუნდის ახალ წევრებს ადვილად და მალე ჩაერთონ ტესტირების პროცესში.
- ვერიფიკაცია და ვალიდაცია - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტესტ ქეისების არსებობა გუნდს აძლევს შესაძლებლობას შეამოწმოს სხვადასხვა ფუნქციონალი და პროდუქტი, და დაადასტუროს მისი თავსებადობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ტესტ ქეისის მაგალითი
ქვემოთ მოცემულია ტესტ ქეისის მაგალითი, რომელიც დაგეხმარება პროცესის უკეთ გაგებაში, ისევე როგორც დაგანახებს მის საჭიროებას STLC-ში.
მაგალითად, გვაქვს შესამოწმებელი შესაყვანი ველი, რომელშიც უნდა იწერებოდეს მაქსიმუმ შვიდი სიმბოლო. შესაბამისად ტესტ ქეისში გვაქვს პირველი ნაბიჯი, რომელიც ველში ჩაწერს შვიდ სიმბოლოს.
მოსალოდნელი შედეგია, რომ შესაყვან ველში უნდა ჩაიწეროს ყველა, შვიდივე სიმბოლო.
თუ შესაყვანი ველი მოგცემს საშუალებას ჩაწერო შვიდივე სიმბოლო, დამდგარი შედეგი მოსალოდნელს ემთხვევა. აქედან გამომდინარე ბიჯის სტატუსი წარმატებულია.
მეორე მხრივ ველში რვა სიმბოლოს ჩაწერა ტესტ ქეისის ალტერნატიული სცენარია, რომლის მოსალოდნელი შედეგია ზედმეტი სიმბოლოების არ დაშვება შესაყვან ველში. თუ დამდგარ შედეგში ველში რვავე სიმბოლო ჩაიწერა, ტესტ ქეისი წარუმატებელია.
გასათვალისწინებელი დეტალები
რადგანაც ტესტ ქეისში არსებული ინფორმაცია დიდი მნიშვნელობისაა, ტესტ ქეისის სწორი, შესაბამისი და ყველაფრის მომცველი დეტალებით მომზადება აუცილებელი ხდება. ამიტომ, ქვემოთ მოცემულია რიგი კრიტიკული პუნქტებისა, რომელიც მოითხოვს დაფიქრებას ტესტ ქეისის მომზადებისას.
- ტესტ ქეისის მომზადებამდე აუცილებელია, რომ გუნდმა კარგად გაიაზროს როგორც ტესტირების მიზნები, ისე გასატესტი ფუნქციონალისა თუ პროდუქტის არსი.
- აღწერეთ, როგორ უნდა დაიწყოს ტესტირების პროცესი.
- განსაზღვრეთ დეტალები სატესტო მონაცემებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
- დოკუმენტი უნდა იყოს ყველაფრის მომცველი, თუმცა ადვილი გასაგები.
- გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ტესტ ქეისებს მიანიჭეთ მაღალი პრიორიტეტი.
- თავი აარიდეთ ტესტ ქეისების დუბლირებას.
- გამოიყენეთ ტესტირების სხვადასხვა ტექნიკა სრული დაფარვისათვის.