ტესტირების გეგმა, პაკეტები, ქეისები და სცენარები
ხარისხის მართვის პროცესისა და პროდუქტის ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია გარკვეული დოკუმენტების არსებობა, რომლებსაც როგორც არტეფაქტებს ისე მოვიხსენიებთ. ამ სტატიაში ჩამოთვლილია და მოკლედაა აღწერილი ოთხი ძირითადი არტეფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მომზადდეს ტესტირების პროცესის დაწყებამდე. ეს არტეფაქტებია:
მოკლედ შევეხოთ თითოეულ მათგანს: რა არის, რას მოიცავს და რა მიზანს ემსახურება.
ტესტირების გეგმა
რა არის ტესტირების გეგმა?
ტესტირების გეგმა არის უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი, რომელიც განსაზღვრავს არეას, მიზანსა და სტრატეგიას ტესტირების პროექტისათვის. ეს არტეფაქტი შესაძლოა იყოს რამდენიმე სახის:
- მთავარი ტესტირების გეგმა (aka: Master test plan).
- ტესტირების გეგმა ტესტირების კონკრეტული დონისათვის.
- ტესტირების გეგმა ტესტირების კონკრეტული ტიპისათვის.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ეს დოკუმენტი შესაძლოა მომზადდეს დეველოპმენტის სხვადასხვა ფაზისათვის. მაგალითად შესაძლოა გვქონდეს ტესტირების გეგმები ყოველი სპრინტისათვის.
ტესტირების გეგმა იქმნება პროდუქტის აღწერის, ციფრული პროდუქტის მოთხოვნების მახასიათებლებისა ან გამოყენების დოკუმენტის საფუძველზე.
რას მოიცავს ტესტირების გეგმა?
ტესტირების გეგმა მოიცავს ყველა იმ დეტალს, რაც მნიშვნელოვანია ტესტირების სრული პროცესის დაგეგმვის, შესრულებისა და შეფასებისთვის. ის შედგება შემდეგი ინფორმაციისგან:
- მოქმედების სფერო (scope) - აღწერს, რას ფარავს მოცემული დოკუმენტი, რაზე ვრცელდება ან არ ვრცელდება მასში აღწერილი პროცესები, აქტივობები და ა.შ.
- დაკავშირებული დოკუმენტები - ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებულ ყველა არტეფაქტზე: კლიენტის მოთხოვნები, ბიზნეს ანალიზის დოკუმენტი, დიზაინი, მომხმარებლის სახელმძღვანელო და სხვა.
- ტესტრების კონტექსტი - აღწერილია პროექტი ან ტესტირების პროცესი, რომლისთვისაც იწერება გეგმა.
- კომუნიკაცია - აღწერილია, თუ როგორ მოხდება ტესტირების დაკავშირება სხვა აქტივობებთან, რომელიც დაგეგმილია დეველოპმენტ გუნდში პროექტი მიმდინარების მთელ პროცესში.
- რისკები - აღწერილია ის რისკები, რომლებიც არსებობს, როგორც ტესტირებასთან ისე პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მათი გამოვლენის დონე და თავიდან არიდების რეკომენდაციები.
- ტესტირების სტრატეგია - მასში აღწერილია უშუალოდ ხარისხის მართვასთან და ტესტირებასთან დაკავშირებული აქტივობები, რომლითც QA გუნდის წევრებმა უნდა იხელმძღვანელონ სხვადასხვა აქტივობის შესრულებისას. ის შესაძლოა იყოს გეგმის დოკუმენტში მოცემული ან შედგენილი დამოუკიდებელ დოკუმენტად.
- ტესტირების აქტივობები და შეფასებები - აღწერილია ყველა აქტოვობა, რაც უშუალოდ ტესტირებასთან არის დაკავშირებული, იქნება ეს ტესტ ქეისების მომზადება, მათი შესრულება, შეფასება, ხარვეზების ანგარიშგება თუ სხვა. ასევე კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც პროექტის სხვადასხვა ეტაპზე აფასებენ ტესტირების მიმდინარე სტატუსს და განსაზღვრავენ რეკომენდაციებს ტესტირების აქტივობების დაწყვების, დასრულებისა თუ შეწყვეტისათვის.
- სტაფინგი - როლები, პასუხისმგებლობები, კადრებისა თუ ტრენინგების საჭიროებები თავმოყრილია დოკუმენტის ამ ნაწილში.
- აქტივობების შესრულების გეგმა - აღწერილია აქტივობების გეგმა, შეფასებული ვადებითა და ადამიანური რესურსით. რიგ შემთხვევებში შესაძლოა თანდართული იყოს R.AC.I მატრიცა.
რა მიზანს ემსახურება ტესტირების გეგმა?
ტესტირების გეგმის მიზანია უზრუნველყოს ტესტირების სრული პროცესის ორგანიზებული დაგეგმვა და წარმართვა. ის ქმნის წინაპირობას განვლილი პროცესის შეფასებისა და გაუმჯობესებისათვის. თუმცა ეს დოკუმენტი მხოლოდ QA გუნდისათვის არ არის. ტესტირების გეგმა წარმოდგენას უქმნის ტესტირების მიზნების, პროცესების, აქტივობებისა და მოლოდინების შესახებ პროექტში ჩართულ როლებსა თუ კლიენტს.
ტესტ ქეისები
რა არის ტესტ ქეისი?
ტესტ ქეისი ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი არტეფაქტია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ტესტირების შესრულების პროცესის ოპტიმალურად და შედეგიანად წარმართვა. ის წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია მომხმარებლის ქცევა, რომლის გამეორებაც შესაძლებელს ხდის დავადასტუროთ, რომ ციფრული პროდუქტის ესა თუ ის ფუნქციონალი გამართულად მუშაობს და პასუხობს მოთხოვნებს.
რას მოიცავს ტესტ ქეისი?
რადგანაც ტესტ ქეისი აღწერ მომხმარებლის ქცევას, რომლის გამეორებაც უნდა მოხდეს ტესტირების შესრულებისას, ის უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ დეტალებს:
- ტესტ ქეისის ID - აღნიშნავს მიმდინარე ტესტ ქეისის იდენტიფიკატორს. ტესტირების მენეჯმენტის აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში იდენტიფიკატორი ავტომატურად ენიჭება.
- ტესტ ქეისის სათაური - ლაკონურად წარმოდგენილი სათაური იმ ქცევისა, რომლის შემოწმებასაც ისახავს მიზნად მოცემული ტესტ ქეისი.
- ტესტ ქეისის აღწერა - მოკლე აღწერა ტესტ ქეისისა და მისი მიზნის შესახებ.
- ტესტ ქეისის წინაპირობა - უნდა ფარავდეს, ყველა აუცილებელ მოთხოვნასა და წინაპირობას, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს ტესტ ქეისის შესრულებამდე, მისი მიზნის მისაღწევად.
- სატესტო მონაცემები - მოიცავს ყველა საჭირო მონაცემს, რომლის გამოყენებაც საჭირო იქნება ტესტ ქეისის შესრულების პროცესში.
- ბიჯები - ნაბიჯები, რომლებიც უნდა უნდა შესრულდეს ტესტირების პროცესში, აღწერილი თნმიმდევრულად.
- მოსალოდნელი შედეგები - სასურველი შედეგი, რაც უნდა დადგეს თითოეული ნაბიჯის შესრულების შემდეგ.
- პრიორიტეტი - განსაზღვრავს ტესტ ქეისის შესრულების კრიტიკულობას ტესტირების პროცესში.
- სხვა პარამეტრები - ეს შეიძლება იყოს ავტორი, ქეისის შექმნის თარიღი, ტესტ ქეისის შესრულებისთვის საჭირო დრო და ა.შ.
რა მიზანს ემსახურება ტესტ ქეისი?
ტესტ ქეისის მიზანია განსაზღვროს პირობებს, რომლითაც შესაძლებელია შეფასდეს პროგრამული უზრუნველყოფის თავსებადობა კონკრეტული ფუნქციონალის მოთხოვნებთან, დამკვეთისა თუ მომხმარებლის მოთხოვნებთან. მისი არსებობა შესაძლებელს ხდის ტესტირების შესრულებისთვის თვალყურის მიდევნებას და შესაბამისი სტატუსების მინიჭებით გასატესტი ობიექტის შეფასებას. ასევე დეტალური ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას დაინტერესებული მხარისთვის პროგრესის და პროდუქტის სიჯანსაღის შესახებ. გარდა ამისა, ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში შეგვიძლია დეტალური ინფორმაციის თანდართვა აღწერილი ხარვეზისათვის, რაც დეველოპერს უადვილებს მისი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას.
ვრცლად ტესტ ქეისების შესახებ წაიკითხე აქ.
ტესტირების პაკეტები
რა არის ტესტირების პაკეტი?
დოკუმენტი, რომელიც გარკვეული მახასიათებლის მიხედვით აჯგუფებს ტესტ ქეისებს წარმოადგენს ტესტირების პაკეტს.
რას მოიცავს ტესტირები პაკეტი?
ტესტირების პაკეტი თავის თავში აერთიანებს ტესტ ქეისებს. ეს ქეისები შესაძლოა შერჩეული იყოს სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით. მაგალითად:
- პრიორიტეტი.
- მოდული/ფუნქციონალი.
- სტაბილური/არასტაბილური ქეისები.
- ქეისები მიმდინარე დეველოპმენტის ამოცანებისთვის.
- ტესტირების ტიპი.
- ტესტირების დონე და სხვა.
რა მიზანს ემსახურება ტესტირები პაკეტი?
ტესტირების პაკეტის არსებობის მიზანია, მოგვცეს შესაძლებლობა მეტი სიზუსტით შევაფასოთ ტესტირებისთვის საჭირო დროითი თუ ადამიანური რესრუსის მოცულობა, მეტად ოპტიმალურად გამოვიყენოთ არსებული რესურსები სასურველი შედეგის მისაღწევად.
ტესტირების სცენარები
რა არის ტესტირების სცენარი?
არაერთ რესურსში ტესტირების სცენარი მოაზრებულია, როგორც ზედა დონის დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს ტესიტრების პაკეტებს სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით (ტესტირების სცენარების ამ ხედვის შესახებ წაიკითხე აქ.). თუმცა უფრო გონივრული იქნება, თუ მასში მოვიაზრებთ "სცენარებით ტესტირების" დიზაინ ტექნიკას. ამ ტექნიკის შესახებ სტატიას, მომავალში გაგიზაირებთ.
რას მოიცავს ტესტირების სცენარი?
ტესტირების სცენარი ან სცენარებით ტესტირების ტექნიკის მიხედვით შედგენილი ტესტ ქეისები, არის პროდუქტისა თუ მისი კონკრეტული ფუმქციონალისთვის შედგენილი სცენარების ჩამონათვალი, რომელშიც გვაქვს ძირითადი სცენარები და ალტერნატიული სცენარები. ეს სცენარები აღწერენ კონკრეტულ ქცევას, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს მისი შესრულების დროს. შინაარსობრივად ის შეგვიძლია შევადაროთ "ჩექ ლისტებს" (თუმცა ეს საკმაოდ უხეში შედარებაა).
რა მიზანს ემსახურება ტესტირების სცენარი?
ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, ტესტირების სცენარი მიზნად ისახავს კონკრეტული მომხმარებლის ქცევების გამეორების შემთხვევაში, რამდენად სწორად გაართმევს თავს პროდუქტი დაკისრებულ დავალებას.
- ტესტირების სცენარები იგივეა, რაც ტესტირების პირობები ნებისიმიერი ფუნქციონალისთვის, რომელიც უნდა შემოწმდეს.
- შესრულებულია საბოლოო მომხმარებლის პერსპექტივიდან.
- განსაზღვრავს სხვადასხვა მოქმედებებს, რომელიც უნდა შესრულდეს გუნდის მხრიდან პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
და ბოლოს: ტესტირების პროცესის სწორად, ოპტიმალურად და ხარისხიანად დაგეგმისათვის საკმაოდ დიდი დროის დათმობაა საჭირო. თუმცა ამ აქტივობების შედეგად შედგენილი სხვადასხვა არტეფაქტი გვეხმარება, მეტად ეფექტურად შევაფასოთ პროდუქტის გამართულობა და სიჯანსაღე.